ეკონომიკა

საქართველო და ჩინეთი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს დააჩქარებენ

საქართველოსა და ჩინეთის მთავრობები მზად არიან, დროულად მოხდეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, – ამის შესახებ პარასკევს, პრემიერ კვირიკაშვილისა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაჩქარებაზე დოკუმენტურად უკვე გაფორმდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის,  ჭანგ გაოლის ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასა და ურთიერგაგების მემორანდუმებს.

ხელი მოეწერა სხვა მნიშვნელოვან შეთანხმებებსაც, მათ შორის საქართველოს ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის, ასევე ჩინეთსა და საქართველოში სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოს შექმნაზე.

საბჭოს ძირითადი ამოცანა მეწარმეების გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება იქნება.

საბჭოს ბაზაზე იფუნქციონირებს სამდივნოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ორივე ქვეყნის, როგორც კერძო სექტორის, ისევე მთავრობის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება წლის ბოლოსთვის სურს. თუ შეთანხმება გაფრომდა საქართველოს მსოფლიოში უდიდესი ბაზარი ეხსნება.

წყარო: GBC