27/04/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველო ევროპული კომპანიებისთვის რეგიონში ლიდერი ქვეყანაა

“საქართველო ევროპული კომპანიებისთვის რეგიონში ლიდერი ქვეყანაა” – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ქ.პარიზში, საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის MEDEF International-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს დელეგაციას უმასპინძლეს.

“საქართველო არის ლიდერი და მოდელი რეგიონში, ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. საქართველო არის რეგიონში საიმედო საინვესტიციო და სავაჭრო პარტნიორი, მას ევროპული კომპანიებისთვის გააჩნია ბევრი მიმზიდველი ფაქტორები, როგორც ინვესტიციების, ასევე ინოვაციებისა და ბიზნეს იდეების განხორციელების თვალსაზრისით“ – აღნიშნა კვირიკაშვილმა ფრანგული ბიზნესის წარმომადგენლებთან მისასალმებელ სიტყვაში.

საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა MEDEF International-ის პრეზიდენტმა ჟან ბიურელემ გახსნა. „დღევანდელი შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო ორივე მხარისთის. „MEDEF International“-თვის ეს შეხვედრა საქართველოზე დადებითი წარმოდგენით დასრულა, ეს არის ეკონომიკა, რომელიც სწორ ლიბერალურ გზას ადგას, ქვეყანა სადაც ბიზნესის კეთებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ფრანგი ბიზნესმენები კარგად არიან ინფორმირებულები და მზად არიან საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობისთის”- აღნიშნა ორგანიზაციის პრეზიდენტმა.

ღონისძიებაში ფრანგული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს MEDEF International-ის წევრმა კომპანიებმა საბანკო, კომერციის, ენერგეტიკული, საკომუნიკაციო, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორებიდან, ასევე საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა (საფრანგეთის საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ეკონომიკის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები) და სააგენტოების მაღალი დონის წარმომადგენლებმა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ასლანიშვილმა მიმართეს. მათ საფრანგეთის სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს, ბიზნეს ასოციაციასა და MEDEF International-ს შორის.

MEDEF International არა-კომერციული ორგანიზაციაა, რომელიც საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციას და კონფედერაციის წევრ 800 ათასამდე კომპანიას აერთიანებს. იგი საერთაშორისო დონეზე, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ფრანგული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორცილებას, საერთაშორისო ვაჭრობას და ნოუ-ჰაუს დანერგვას. ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში შედგა არაერთი ბიზნეს-მისია, ხოლო 2015 წლის მაისში MEDEF International-ის დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ კონფერენციაში.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ვიცე-პრემიერმა ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.