28/04/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისში 500 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი გაიხსნა

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ახალაშენებული 128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

ახლადგახსნილი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან თემურ თორდინავასთან და სამგორის რაიონის გამგებელ მამუკა ჩოქურთან ერთად დაათვალიერა.

128-ე ბაღი ერთ-ერთია იმ 50-მდე ბაღიდან, რომელიც წინა წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობა 2007 წელს ავარიულობის გამო დაანგრიეს, მის აღდგენას კი ადგილობრივები წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ.

აღნიშნული ბაღის ფუნქციონირება ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს იმ ბავშვებს, რომელთაც აქამდე ვერ შეძლეს ბაღში დარეგისტრირება და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ახლომდებარე ბაღების განტვირთვას.

შენობა ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ფლიგელისგან შედგება და 500-მდე ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. მისი მშენებლობისა და აღჭურვისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, თბილისში ამ დროისთვის 6 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მომავალ წელს კი 10 ბაღის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.