საზოგადოება

უფასო მგზავრობა ვარჯიშის თანხლებით

ყოველი თვის ბოლო პარასკევს საქართველოს რამოდენიმე ქალაქში ველომსვლელობა იმართება. იგი მსოფლიოში პოპულარული ტრადიციაა და ამ მხრივ ქართველი ველომოყვარულებიც აქტიურობენ.

ბოლო წლებში დედაქალაქში ველოსიპედზე ამხედრებული ადამიანები მომრავლდნენ. თბილისში ეს მეტად თვალშისაცემი გახდა. მიზეზი კი მცირე ჯგუფია, სახელად “თბილისის ველომოყვარულთა კლუბი”.

“თბილისის ველომოყვარულთა კლუბი დავაარსე იმ მიზნით,რომ შემექმნა საერთო სივრცე, სადაც ველომოყვარულები ერთმანეთს გაუზიარებდნენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და გამოცდილებას.ერთად დაგეგმავდნენ სხვადასხვა აქტივობას და რა თქმა უნდა, იმ მიზნების მისაღწევად, რაც ყოველ ველომოყვარულს აქვს. კერძოდ, ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა. ველომოყვარულთა კლუბი ასევე რჩევებს და დახმარებას უწევს იმ უცხოელ ტურისტებს, რომლებიც საქართველოს ველოსიპედით სტუმრობენ. კლუბის ერთწლიანი არსებობის შემდეგ, ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული პრობლემები, რომელიც დაარსებიდან არსებობდა. ძირითადი გამოწვევები არის სამთავრობო დაწესებულებებთან კონტაქტი და ის ბიუროკრატიული მართვის მექანიზმი რომელიც საქართველოშია.აღსანიშნავია, რომ მერიისგან ზოგადად თბილისის ველომოყვარულთა კლუბს არანაირი მხარდაჭერა არ მიუღია.მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შევთავაზეთ სხვადასხვა ღონისძიების უბრალო მხარდაჭერა სადაც დაფინანსებაზე არ იყო საუბარი. ბოლო პერიოდში მერიის არქიტექტურის სამსახურმა დაიწყო პროექტის დამუშავება, რომლის მიხედვითაც, მომავალში უნდა მოხდეს თბილისის საველოსიპედო ქსელის შექმნა, ასევე შემუშავდა პროექტი ახალი მზიურის ფარგლებში. თუმცა ჯერ-ჯერობით ყველაფერი მხოლოდ ფურცლებზე და ელექტრონულ რენდერად რჩება,რეალური ნაბიჯები კი არ ჩანს.”

-აცხადებს “თბილისის ველომოყვარულთა კლუბის” დამფუძნებელი თამაზ თიკანაძე.

ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტი, უკვე მრავალი ათეული წელია  აქტიურად გამოიყენება. ფაქტია, რომ განვითარების დონით ყველაზე მაღლა მდგომ ქვეყნებში იგი ძალიან პოპულარულია და სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ავტომობილის ამ ორთვალაში გაცვლას. ცხოვრების ჯანსაღი წესი, ყოველდღიური ვარჯიში, კარგი ფიზიკური ფორმა – ეს მხოლოდ მცირედია იმ სარგებლიდან, რისი მიღებაც მისგანაა შესაძლებელი.

ველოსიპედის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა მისი სატრანსპოტო ფუნქციაა. ველოსიპედისტის გადაადგილდება არის  უფასო მგზავრობა ვარჯიშის თანხლებით, ზედმეტი თანამგზავრების გარეშე, მისთვის კომფორტულ გარემოში. არ არსებობს პრობლემა სახელად საცობი. სწორედ ამ ფაქტორების გამო ევროპაში, განსაკუთრებით კი ჰოლანდიაში, მოსახლეობაზე მეტი ველოსიპედია. მისით ყოველდღიურად სარგებლობენ რიგითი მოქალაქეები და უმაღლესი თანამდებობის პირებიც კი. ამგვარად კი ზრუნავენ ეკოლოგიაზე, რაც მათი ქალაქების სისუფთავეზეც აისახება.

ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში სულ სხვა რეალობაა. მოსახლეობა ველოსიპედს გასართობ საშუალებად უფრო აღიქვამს, ვიდრე სასარგებლო ნივთად. არადა დაბინძურებული ჰაერის, გადატვირთული გზებისა და გაუმართავი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფონზე, იგი გადაადგილების მშვენიერი ალტერნატივაა ამიტომ მოქალაქეები, მთავრობისგან მხარდაჭერის არარსებობის მიუხედავად, თავად ზრუნავენ ამ დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

ვაჩე ხრიკული