28/04/2024
Latest:
მსოფლიო

უკრაინა „გაზპრომის“ გარეშე გადარჩა

უკრაინა „გაზპრომის“ გარეშე გადარჩა  – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული ინტერნეტგამოცემა „გაზეტა. რუ“ და წერს, რომ უკრაინის მიწისქვეშა საცავების მარაგები საკმარისია ზამთრის სეზონის ბოლომდე.

 

რუსულ საწვავს ასევე არ საჭიროებს კრიზისში მყოფი უკრაინული მრეწველობა. თუმცა „გაზპრომმა“ შესაძლოა მაინც წარადგინოს პრეტენზიები პირველ კვარტალში აუთვისებელ გაზთან დაკავშირებით. საკითხმა შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლოს.

თუმცა, მომავალი სეზონისთვის მარაგების შესავსებად კიევს, როგორც ჩანს, მაინც მოუწევს რუსული მონოპოლისტისგან გაზის შეძენა.

 

„უკრაინის ხელისუფლების არაერთი განცხადება ამ სეზონზე რუსულ გაზზე უარის თქმის შესახებ შესაძლოა რეალობა აღმოჩნდეს, – უკრაინამ ფაქტობრივად შეძლო ამ ზამთრის გატარება რუსული საწვავის გარეშე. გათბობის სეზონის ნახევარი უკვე გავიდა, უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავებში კი კიდევ 10,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზია,“ – წერს „გაზეტა.რუ.“

„ამჟამად ჩვენ 1,8 მილიარდი კუბური მეტრით მეტი გაზი გვაქვს,  ვიდრე გასულ წელს გვქონდა,“ – განაცხადეს „ნაფტოგაზში.“

ამჟამად უკრაინაში გაზის მოხმარება დღეღამეში დაახლოებით 110 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, ამ მოცულობაში მრეწველობაზე 30–35% მოდის.

 

მოხმარების უდიდეს ნაწილს უზრუნველყოფს მიწისქვეშა სადგურები და ევროპიდან რევერსული მიწოდება (რევერსი ამჟამად 43 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს დღეში). ბუნებრივი აირი უკრაინაში შედის სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან.

 

დანარჩენ მოცულობებს უკრაინის საკუთარი მოპოვება შეადგენს.

 

კიევმა რუსული გაზის შეძენაზე უარი 2016 წლის პირველ კვარტალში თქვა და განაცხადა, რომ რევერსით მიღებული გაზი საკმარისია და თანაც, ამ გაზის ფასი გაცილებით დაბალია. სათბობენერგეტიკის მინისტრის ვლადიმირ დემჩიშინის განცხადებით, ეს ფასი ათას კუბურ მეტრზე 190 დოლარს შეადგენს. რუსული გაზი კი პირველ კვარტალში უკრაინისთვის 212 დოლარი ღირდა (ფასდაკლების გათვალისწინებით).

 

გასული წლის ნოემბერში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა „ნაფტოგაზს“ აუკრძალა გაზის „გაზპრომისგან“ შეძენა. „ნაფტოგაზის“ პრესმდივანი ვალენტინ ზემლიანსკი ვარაუდობს, რომ გათბობის სეზონის დასრულების შემდეგ კიევს რუსული გაზის შეძენა კვლავ არ დასჭირდება.

„წარმოება არ საჭიროებს დიდ მოცულობებს. რუსული გაზისგან დამოუკიდებლობა, რაზე საუბარიც ძალიან უყვარს უკრაინის ხელისუფლებას, და რაც თითქოს გამოწვეულია ნედლეულის ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვით, სხვა არაფერია, თუ არა მრეწველობის ვარდნის შედეგი,“– განმარტავს ზემლიანსკი.

მისი თქმით, გასულ წელს უკრაინის მრეწველობამ 11,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა, რაც უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამ ზამთრის მაგალითი თითქოს ადასტურებს, რომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებები რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან სრულად განთავისუფლების შესახებ რეალობას შეესაბამება, თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე სეზონზე ევროპიდან რევერსი ფაქტობრივად რუსული გაზით იქნა უზრუნველყოფილი.

 

წყარო