07/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ყატარს საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიღება სურს

საქართველოსა და ყატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაზე იმსჯელეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ყატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ყატარის პრემიერმა აღნიშნა, რომ სასურსათო უსაფრთხოების საკითხი ყატარის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უწყვეტი და სტაბილური მიწოდება; აღნიშნულ კონტექსტში კატარის სახელმწიფოსთვის საქართველო ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება.

ქართული მხარეც მიიჩნევს, რომ ყატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის პოტენციალი არსებობს. ამასთან, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებთან ერთად, საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება.

„საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს რესურსი, საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

აღსანიშნავია, რომ ყატარის სახელმწიფოში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ადგილობრივი მედიასაშუალებებით აქტიურად გაშუქდა.