28/04/2024
Latest:
მსოფლიო

ყველაზე ძვირი ცხოვრება ციურიხშია, იაფი – კიევში

ციურიხმა მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ცხოვრების ღირებულების მიხედვით. ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიული ბანკის, UBS -ის კვლევაში, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ გამოდის. საბანკო ჯგუფის ანალიტიკოსებმა გამოიკვლიეს სამომხმარებლო კალათის ღირებულება, სადაც 122 საქონელი და მომსახურება შედის და შემდეგ ამ კალათის ღირებულება ადგილობრივ ვალუტებში აშშ დოლარებში გადაიყვანეს.

ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, შვეიცარიის ფინანსურ დედაქალაქში მცხოვრები ოჯახი, საუალოდ $3600-ს ხარჯავს თვეში და ეს სულ $100-ით მეტია, ვიდრე ჟენევაში. მესამე ადგილზეა ნიუ-იორკი, სადაც ოჯახის საშუალო თვიური ხარჯი $3340-ია, მაგრამ აქ არ არის გათვალისწინებული ბინის ქირის ღირებულება. ბინის ქირის გათვალისწინებით, ნიუ-იორკი „ნომერ პირველი“ გახდებოდა და საშუალო თვიური ხარჯი $4320-ს მიაღწევდა.

მსყიდველობითუნარიანობას UBS -ი, ეკონომიკის 15 სფეროში ხარჯების და ხელფასების შეფასებით ადგენს, მარტივი მაგალითების მოყვანით. მაგალითად, რამდენი წუთი მუშაობაა საჭირო ამა თუ იმ ქალაქში, ბიგმაკის შესაძენად? მაგალითად ჰონგ-კონგში – 9 წუთი, ნიუ-იორკში – 11 წუთი, მოსკოვში – 20 წუთი, ნაირობში – 173 წუთი, ანუ თითქმის 3 საათი.

ყველაზე იაფი აღმოჩნდა აღმოსავლეთ ევროპა, რაც სავარაუდოდ აიხსნება ამ რეგიონის ქვეყნების ვალუტების დევალვაციით აშშ დოლარის მიმართ. ლიდერია კიევი: ბანკის შეფასებით, კიევში 1 თვე ოჯახს $1237-ად შეუძლია ცხოვრება და ბინაზე კი კიდევ $540დასჭირდება. უკრაინის დედაქალაქს მცირედით უსწრებს სოფია და ბუქარესტი.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ხელფასების შედარება ყველაზე ძვირ და ყველაზე იაფ ქალაქს შორის. საშუალოდ, ციურიხის მაცხოვრებელი, გადასახადების გადახდის შემდეგ საათში $41-ს იღებს, ხოლო კიევის – 21-ჯერ ნაკლებს. ამასთან, კიევში ცხოვრება მხოლოდ 2.8-ჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე ციურიხში.

წყარო: agora.ge