26/04/2024
Latest:
საზოგადოება

ზუგდიდში თხილის ნაჭუჭზე მომუშავე ინოვაციური გათბობის სისტემა დაინერგა

 

ქალაქ ზუგდიდის მე-15-ე საბავშვო ბაღში ჩატარდა პროექტ “ბიომასაზე მომუშავე თანამედროვე გათბობის სისტემის” პრეზენტაცია. საბავშვო ბაღში განხორციელებული ენერგოეფექტური ღონისძიებები მოიცავს ადგილობრივ ბიომასაზე (თხილის ნაჭუჭი) მომუშავე ავტომატიზებულ გათბობის სისტემის მონტაჟს და ხის მოძველებული ფანჯრების შეცვლას ორმაგი შემინვის მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით.

სამუშაოები ჩატარდა “განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია “BP საქართველოსა” და მისი პარტნიორების მიერ ნავთობისა და გაზის სფეროში. პროექტი განახორციელა ენერგოეფექტურობის ცენტრმა ქალაქ ზუგდიდის მერიის თანამონაწილეობით.

განხორციელებული პროექტი ზუგდიდს, როგორც “მერების შეთანხმების” ხელმომწერ ქალაქს, დაეხმარება არებული ვალდებულების შესრულებაში, როგორიცაა მის ტერიტორიაზე 2020 წლისათვის ნახშირორჟანგის ემისიის 20%-ით შემცირება და სუფთა ენერგოტექნოლოგიების გამოყენების 20%-ით გაზრდა.

განხორციელებული ენერგოეფექტური ღონისძიებების შედეგად საბავშვო ბაღში ერთმნივნელოვნად გაუმჯობესდა საყოფაცხოვრებო პირობები. ბავშვებს საშუალება მიეცათ ზამთარი მოძველებული შეშის ღუმელების ნაცვლად თანამედროვე გათბობის სისტემის (თხილის ნაჭუჭზე მომუშავე) მიერ გამომუშავებულ სითბოში გაეტარებინათ.

პროექტი თავის მხრივ უნიკალურია და საშუალებას იძლევა ყოველწლიურად დაიზოგოს 50 კუბ.მ. ხე-ტყე. წინასწარი გამოთვლით ამავე შენობის გასათბობად ბუნებრივი აირის გამოყენების შემთხვევაში, საბავშვო ბაღის დანახარჯი ენერგორესურსებზე იქნებოდა დაახლოებით 9700 ლარით მეტი, ხოლო CO2 ემისიები 25 000 კგ-ით მეტი.

პროექტი მომგებიანია როგორც ეკოლოგიური, ასევე ფინანსური კუთხითაც. გარდა იმისა, რომ გასათბობად არ იქნება საჭირო ხე-ტყის მოჭრა, არ მოხდება ფინანსების ბუნებრივი აირის შესაძენად მიმართვა, რაც შესაბამისად არ გამოიწვევს ვალუტის გადინებას ქვეყნიდან.

სამეგროლოს რაიონი მდიდარია თხილის მოსავლიანობით. გარდა თხილის რეალიზაციიდან მიღებული ფულისა, მოსახელობას გაუჩნდა შემოსავალი თხილის ნაჭუჭის ჩაბარების შედეგად. ჩაბარების საბაზრო ღირებულება ერთ კილოგრამზე საშუალოდ 15 თეთრს შეადგენს. ცნობისთვის, ყოველწლიურად საშუალოდ 15 000 ტონა თხილის ნაჭუჭი გროვდება, საბავშვო ბაღს კი წლევანდელი ცივი ზამთრის პირობებში 12 ტონამდე თხილის ნაჭუჭი დასჭირდა, რათა გათბობის სისტემას ემუშავა და გამოეყო სითბო.

მსგავსი შედეგის მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ თხილის ნაჭუჭით, არამედ ტყის და სოფლის მეურნეობის ნარჩენი სხვა ბიომასითაც. არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს ტყისა და სოფლის მეურნეობის ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული გამოყენების მომგებიანობას და პოტენციალს. მრავალწლიანი მცენარეებიდან ყველაზე მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია ვაზის გასხვლის შედეგად მიღებულ ბიომასას (წალამი), ხოლო ერთწლოვან მცენარეებს შორის სიმინდს. საინტერესოა ასევე ტყის ნარჩენი ბიომასის ათვისების საკითხი, რომელიც ენერგეტიკული სარგებლის მიღების გარდა, თვითონ ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც არის რეკომენდებული. ტყეში დაგროვილია დიდი რაოდენობის ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ნარჩენი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყოველწლიური საქმიანობის შედეგად მიღებული ნარჩენების ენერგეტიკული ღირებულება.

კვლევის  შეგედების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად ზემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან 37.4 PJ ენერგიის მიღება არის შესაძლებელი, შედარებისთვის, გაზის მთლიანი მოხმარება საქართველოში არის 70 PJ.

ფაქტი ერთია, ზუგდიდის საბავშვო ბაღში ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტი უნიკალურია და გააჩნია განვითარების ფართო არეალი. ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორის, გიორგი აბულაშვილის განცხადებით თხილის ნაჭუჭზე მომუშავე თანამედროვე გათბობის სისტემით 100-ზე მეტი საბავშვო ბაღის აღჭურვაა  შესაძლებელი.

“ყოველწლიურად 15 000 ტონა ნაჭუჭის წარმოება საქართველოში, აქედან გამომდინარე მინიმუმ კიდევ 100 ბაღს ეყოფა ანალოგიური სისტემით და მინიმუმ 100-ჯერ ნაკლები ვალუტა გაედინება ქვეყნიდან. ჩვენ ამოცანას არ წარმოედგენს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება მასობრივად, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მსგავსი ინოვაციური მიდგომების დანერგვას სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, რათა ადამიანებს, ადგილობრივ თუ ცენტრალურ მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ არსებობს თანამედროვო, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები, რომლებიც ეკონომიურიც არის და კომფორტის თვალსაზრისითაც ძალიან კარგ პირობებს ქმნის შენობის მოსახლეებისთვის. ჩვენ ვაპირებთ სხვა მსგვასი პროექტების განხორციელებასაც, რომელიც შეიძლება აღარ იყოს თხილის ნაჭუჭზე, მაგრამ იყოს სხვა სასოფლო სამეურნეო ნარჩენზე ან სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით”, – აღნიშნა გიორგი აბულაშვილმა.

12948615_1146686428708997_1126489542_o

12948549_1146686528708987_2137709966_o

12962543_1146686548708985_1475223419_o

12962643_1146686505375656_1277601656_o

12941155_1146686492042324_479710248_o

12970123_1146686435375663_1564813833_o

ბაჩანა ჯინჭარაძე