26/04/2024
Latest:
მსოფლიო

მსოფლიოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პოსტკრიზისულ მაქსიმუმს მიაღწია, გამონაკლისი რუსეთია

 

გასულ წელს მსოფლიოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პოსტკრიზისულ მაქსიმუმს მიაღწია. ამასთან, 2015 წელს ეს მაჩვენებელი ოდნავ ნაკლები აღმოჩნდა,  ვიდრე რეკორდულ 2007 წელს დაფიქსირდა. რეკორდული, თითქმის 40%–იანი ზრდა, 1,8 ტრილიონ დოლარამდე კი განპირობებულია ფულის განვითარებულ ქვეყნებში შედინებით. ეს მაჩვენებელი სამწლიანი ვარდნის შემდეგ თითქმის გაორმაგდა და 1 ტრილიონს მიაღწია. განვითარებად ქვეყნებში ჩადებული ინვესტიციები კი მხოლოდ 9%–ით გაიზარდა.

მონაცემებს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (UNCTAD) აქვეყნებს.

ამასთან, UNCTAD–ის პროგნოზით, 2016 წელს ინვესტიციები 10–15%–ით შემცირდება გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპების შესუსტების, გარიგებებზე კონტროლის გაძლიერებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მოგების შემცირების გამო. 2017 წელს კი მსოფლიო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზრდას გააგრძელებს და 2018 წელს კვლავ მიაღწევს გასული წლის მაჩვენებელს – 1,8 ტრილიონ დოლარს.

ინვესტიციების უმსხვილესი მიმღებია აშშ, რომელზეც მსოფლიო მასშტაბით ჩადებული 100 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 21,6 დოლარი მოდის. ერთი წლის განმავლობაში აშშ–ში ინვესტიციები 3,5–ჯერ გაიზარდა. თავად ამერიკული ინვესტიციები კი, პირიქით, შემცირდა, თუმცა ქვეყანა მაინც რჩება უმსხვილეს გლობალურ ინვესტორად, რომელიც აფინანსებს მსოფლიოში განხორციელებული თითოეული 100 დოლარის ინვესტიციიდან 20 დოლარზე მეტს.

ევროპაში ინვესტიციების ნაკადმა 85%–ით მოიმატა. თავად ამ რეგიონზე კი მთელი გლობალური პირდაპირი ინვესტიციების მესამედზე მეტი მოდის. როგორც Boston Consulting Group–ის ექსპერტები ამბობენ, ოფშორებთან ბრძოლის გამო განვითარებული ქვეყნების კაპიტალი აღმოსავლეთისკენ მიდის, სადაც მათთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემოა.

განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში ინვესტიციების სამი მეოთხედი აზიაზე მოდის. ამ რეგიონში ჩადებულმა კაპიტალმა15,6 % შეადგინა და 0,5 ტრილიონს გადააჭარბა. აზიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეოთხედი ჩინეთში ჩაიდო. დანარჩენ ქვეყნებში კი ინვესტიციები ან შემცირდა, ან სტაგნაცია განიცადა, რისი მთავარი მიზეზიც ნავთობის ფასების ვარდნაა.

ნედლეულის სექტორისადმი ინვესტორების იმედგაცრუება იგრძნობა: მათი კაპიტალის წილი ამ მიმართულებით 2010–2011 წლების 20%–დან 4%–მდე შემცირდა, ახალ პროექტებში განხორციელებული დაბანდებები კი განახევრდა და 5% შეადგინა.

UNCTAD–ი ფიქრობს, რომ ეს ტენდენცია დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ამის მიზეზია როგორც ნედლეულის ფასების ვარდნა, ისე სხვა დარგების მომხიბვლელობის გაძლიერება: ამ დარგებს შორისაა მომსახურება და გადამამუშავებელი მრეწველობა.

ყველაზე ძლიერად, 38%–ით დაეცა ინვესტიციები გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნებში – დსთ, საქართველო, სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპა. ვარდნა პირველ რიგში რუსეთში განხორციელებული ინვესტიციების სამჯერადი შემცირებითაა განპირობებული.

UNCTAD–ის შეფასებით, რუსეთმა გასულ წელს 9,8 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც 12 წლის მინიმუმია.

თავად რუსეთის წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადში 2001 წლის შემდგომი პერიოდის მინიმუმზე დაფიქსირდა. UNCTAD–ის შეფასებით, ვარდნა გეოპოლიტიკური მიზეზებითაა გამოწვეული, რასაც 2015 წელს ნავთობის ფასების ვარდნა დაემატა.

რუსეთი  პირდაპირი ინვესტიციების მიმღები ქვეყნების ტოპ–20–იდან გავარდა. კერძოდ, გასულ  წელს რუსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 26,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 2,5–ჯერ შემცირებული მაჩვენებელია.

2015 წელს ორჯერ დაეცა ინვესტიციების მოცულობა ყაზახეთში, სამაგიეროდ უკრაინაში, თითქმის 10–ჯერადი ვარდნის შემდეგ 2014 წლის სამხედრო კონფლიქტის გამო, 2015 წელს 7–ჯერ გაიზარდა და სამ მილიარდ დოლარს მიაღწია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინება ფაქტობრივად შეწყდა და 4,8 მილიარდი დოლარი შეადგინა 2013 წლის 69 მილიარდის წინააღმდეგ. რუსეთი ფაქტობრივად გავიდა გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბაზრიდან როგორც მიმღები მხარე.

ალექსანდრე ბეგლარიშვილი