26/04/2024
Latest:
საზოგადოება

ყულევის ნავთობ-ტერმინალის პორტის აკვატორიაში მრავალფუნქციური ტივტივა განთავსდა

საქართველოს საზღვაო სივრცეში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ “საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური” თანამედროვე სანავიგაციო ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყულევის ნავთობ-ტერმინალის პორტის აკვატორიაში მრავალფუნქციური ოკეანოგრაფიულ-მეტეოროლოგიური ტივტივა განთავსდა.

როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მრავალფუნქციური მეტეოროლოგიური ტივტივა თანამედროვე სანავიგაციო ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ესპანური კომპანიის MSM S.L.L. მიერ არის დამზადებული.

”ტივტივა ზუსტი მონაცემებით ახდენს წყალქვეშა დინებების ტემპერატურის, სიჩქარისა და მიმართულებების ასახვას, ასევე მაღალი სიზუსტით გადმოგვცემს ინფორმაციას ზღვის რყევის ცვალებადობის შესახებ. ყულევის პორტის აკვატორიაში განთავსებული ახალი მეტეოროლოგიური აპარატურა აღმოფხვრის საზღვაო ინცინდენტებისა და საფრთხის რისკებს, რომელიც ყულევის პორტში ნავთობ-ტანკერების ბუქსირით გადაადგილების დროს წყალქვეშა დინებების მახასიათებლების შესახებ ზუსტი მონაცემების არ არსებობის გამო იქმნებოდა”, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.