26/04/2024
Latest:
საზოგადოება

ქართული ფეხბურთის მომავალი – 265,7 მილიონი ლარი და ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო  პროგრამა

გაზრდილი დაფინანსება, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, განახლებული ეროვნული ჩემპიონატი და 3.5 მილიონი ლარი ჩემპიონს

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. ხსენებული პროგრამა 2020 წლის ჩათვლით ქართულ ფეხბურთში 265 მილიონ 700 ათასი ლარის ინვესტიციას და ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს. ეს არის პროგრამა რომელსაც საფეხბურთო სამყარო საკმაოდ დიდი ხანია ითხოვდა და რომელმაც საკმაოდ დიდი იმედები გააჩინა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში.

მოდით, განვიხილოთ დეტალურად ქართული ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო პროგრამა.

ძირითადი მიზნები

ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი გეგმა შემდეგნაირია:

  • ეროვნული ჩემპიონატის სპორტული დონის ამაღლება
  • ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა
  • კონკურენტუნარიანი, თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა
  • ფეხბურთში, როგორც სოციალურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლება

ფაქტია, რომ დღესდღეობით ქართულ ფეხბურთში ყველანაირი კუთხით დონე დაბალია, ამიტომ ფეხბურთის ფედერაციას შემოაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც იქნება სპეციალური სწავლებები.

  • საფეხბურთო მენეჯმენტის კურსები

მართალია,  მსგავსი ტიპის კურსები ტარდებოდა ადრეც, თუმცა ეს იყო ინგლისურ ენაზე, რის გამოც ბევრი ვერ ახერხებდა მისით სარგებლობას. ხოლო ახლა, საფეხბურთო მენეჯმენტის კურსები ჩატარდება ქართულ ენაზე  და ხანგრძლივობა 1,5 წელს გასტანს. სწავლება დაიწყება 2016 წლის სექტემბრიდან.

  • მსაჯთა აკადემიის და რეკრუტირების პროექტი

ბოლო დროის მანძილზე, მსაჯობის სურვილს ბევრი არ გამოთქვამდა, რაც ამ საკითხში კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას და დონის ვერამაღლებას იწვევდა, ხოლო ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის მსაჯთა აკადემიას, სადაც მიიწვევენ ახალგაზრდა დამწყებ მსაჯებს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ზრუნავს იმ საკითხზე, რომ საქართველოსაც ჰყავდეს საკუთარი ძლიერი ფიზ. მომზადების მწვრთნელები, რამეთუ, გახშირდა ფიზიკური მომზადების სპეციალისტების უმეტესობა უცხოეთიდანაა ჩამოყვანილი. ამის გარდა, გაწაფავს ანალიტიკოსებს და მედიასაც მიაქცევს ყურადღებას, შემდეგი კურსების ხარჯზე:

  • ფიზ. მომზადების მწვრთნელთა კურსები
  • მწვრთნელ-ანალიტიკოსთა კურსები
  • სპორტულ მედიკოსთა გადამზადების კურსები

ბავშვთა ფეხბურთი

  • U13 რეგიონთა თასი
  • U13 სკოლების ჩემპიონატი

ვინაიდან ბავშვთა ფეხბურთის დონეც დაწეულია, მშობლებს აღარ სურს მიიყვანონ შვილები იქ, სადაც არ იციან რა ბედი ელით მათ მომავალს.  საკმაოდ ჭირს სელექცია, ხოლო სანაკრებო თაობებს კიდევ უფრო დიდი პრობლემა ექმნებათ. ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაატაროს რეგიონთა ტურნირი, გახსნას 2-3 ვარსკვლავიანი აკადემიები.

შედგება რეგიონის ნაკრებები (სამეგრელო, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი და ა.შ) , ხოლო დიდ რეგიონებს (თბილისს, ქუთაისს და ა.შ) 2 ნაკრები ეყოლება, გაიმართება დასავლეთ-აღმოსავლეთის ტურნირები, თვეში ერთხელ, ბავშვებს კი კვალიფიციური მწვრთნელები ეყოლებათ.

ქალთა ფეხბურთი

  • ქალთა ეროვნული ჩემპიონატი
  • U15 რეგიონთა თასი გოგონებში
  • U11 სკოლების პირველობა

პირველად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში შეიქმნება ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, ასევე, იქნება რეგიონთა თასი, ბიჭების ბავშვთა ფეხბურთის სტილში და იქნება 11 წლამდელთა სკოლების ტურნირები. ამას გარდა, მწვრთნელებს D ლიცენზიის კურსი ჩაუტარდებათ.

მასობრივი პროგრამები

  • ფუტსალი
  • პლაჟის ფეხბურთი (გასართობი)
  • ზამთრის “მასტერსი” (გასართობი)
  • შშმპ ლიგა

ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ეზრუნა იმაზეც, რომ ეროვნული ჩემპიონატის პაუზის დროს არ იყოს უინტერესო დასვენების დრო. სწორედ ამიტომ, მოეწყობა სასეზონო შეჯიბრებები. ზაფხულში, სანაპირო ზოლზე გაიმართება ქვიშის ფეხბურთი, სადაც მიიწვევენ არაერთ ვარსკვლავს, ხოლო ზამთარში ჩატარდება “ზამთრის მასტერსი”, დახურულ სივრცეში, როგორც ქვიშის ფეხბურთში, აქაც ეცდებიან უცხოელი ვარსკვლავების მოწვევას.

გარდა ამისა, უფრო ფართომასშტაბიანი გახდება შშმ პირთა ლიგა, მოეწყობა ტურნირები და შეიქმნება შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნული ნაკრები.

რევოლუციური, 10 გუნდიანი ეროვნული ჩემპიონი

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ჩემპიონატის რეფორმირების რევოლუციური იდეა. 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი, ჩემპიონატი და იგი ნოემბერში დასრულდება. 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშებს.

ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც – ევროსაგზურების მფლობელები. მაგრამ ჯერ ამის დეტალები ზუსტდება. ლიგიდან 6 გუნდი გავარდება და მივიღებთ 10-გუნდიან ჩემპიონატს.

გარდამავლი ჩემპიონატის დროს, პირველი ლიგიდან გუნდი აღარ დაწინაურდება. არგუმენტად კობიაშვილმა შემდეგი ფაქტი დაასახელა – ლიცენზირების სურვილი ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გამოხატა, ანუ განვითარების სურვილი თუ არ აქვთ და ლიცენზიას ვერ იღებენ, უმაღლესში არაფერი ესაქმებათო.

ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა, მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. 2016/17 წლების ევროსეზონზე კი გარდამავალი ეტაპის საუკეთესოები მოხვდებიან. კობიაშვილმა ეს ცვლილება საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით ახსნა.

ამას გარდა, ყოვლად უმოტივაციო დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად, 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, გამარჯვებული კი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ ეროვნული ლიგა 1 და ეროვნული ლიგა 2 სამოყვარულო იქნება. აქ მნიშვნელოვანი ქვეტექსტია ჩადებული: საქმე ისაა, რომ ტოტალიზატორები სამოყვარულო ლიგების თამაშებზე ფსონს არ იღებენ და შესაბამისად მატჩების ჩაწყობაც აღარ მოხდება.

ახალ ჩემპიონატში იქნება 4 წრე და ჯამში ჩატარდება 36 შეხვედრა.

დაფინანსება

II წრე – უმაღლესი ლიგა

  • საბაზისო – 800,000 ლარი
  • სტიმულირება 400,000 ლარი+400,000 ლარი

ყველა გუნდი ს.ფ.ფ-სგან მიიღებს 400,000 ლარს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს კლუბი მოიძიებს ინვესტორს, ინვესტორს და ის დააფინანსებს 100,000-ით, სფფ-სგან ამდენივეს მიიღებს, თუ 200,000, მიიღებს დამატებით 200,000, ხოლო თუ მიიღებს მილიონიან დაფინანსებას, ს.ფ.ფ მას მხოლოდ 400,000 დაუმატებს.

  • საპრიზო (ჩემპიონობა/თასი) – 750,000 ლარი

II წრე – პირველი ლიგა

  • საბაზისო – 300,000 ლარი
  • სტიმულირება – 50,000+50,000 ლარი

II წრე – მეორე ლიგა

  • საბაზისო – 50,000

ახალი ჩემპიონატის დაფინანსების სისტემა (5 წელი)

უმაღლესი ლიგა

  • საბაზისო – 1 მილიონი ლარი
  • სტიმულირება – 500,000 ლარი + 500,000 ლარი
  • საპრიზო (ჩემპიონობა/თასი) – 1 მილიონი ლარი
  • პრემიალური(გადანაწილდება ქულების მიხედვით) – 6 მილიონი ლარი

პირველი ლიგა

  • საბაზისო – 700,000 ლარი
  • სტიმულირება – 300,000 ლარი + 300,000 ლარი
  • პრემიალური – 3 მილიონი ლარი

სავარაუდოდ, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებული 3,5 მილიონ ლარს მიიღებს, გავარდნილი – 2,3 მილიონს.

ერთიანი ფონდი

ერთიანი ფონდი კლუბებს დაეხმარება ტურისტული მომსახურების, შეკრებებისა და გასვლითი მატჩების ორგანიზებაში, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტირებაში, სასტუმროების დაჯავშნაში.

ცხადია, ერთიანი შეკვეთის შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე გუნდები ცალ-ცალკე რომ გააკეთებენ. ეს ამ ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება და სახელმწიფო სახსრები გაცილებით ეფექტურად დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურა

ყველა სტადიონზე დაყენდება განათება. როგორც იცით, ახალი ჩემპიონატი ზაფხულში გაიმართება, შესაბამისად, როგორც კობიაშვილმა განაცხადა, ზაფხულში შეუძლებელია შუადღის 2-3 საათზე მატჩის ჩატარება, ამიტომ, შეხვედრები საღამოს, განათების ფონზე გაიმართება. მოედნებზე იქნება ბუნებრივ საფარიანი ბალახი. გაკეთდება ტელეკამერების პოზიციები, რათა უკეთეს ხარისხში მოხერხდეს მატჩის გადაღება.

მედია პროექტი

ლევან კობიაშვილმა დაადასტურა, რომ ახალ ჩემპიონატში მატჩები ბუნებრივ საფარიან მოედანზე გაიმართება, რასაც განათება და კარგი სატელევიზიო გაშუქება დასჭირდება. იქნება ტურის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი. ტურამდე გაკეთდება შეხვედრების პრევიუ, ხოლო ტურის შემდეგ მატჩების მიმოხილვა, ე.წ რევიუ.

მზადდება მედიაპროექტი, რომლის მიზანიც ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა – ტელევიზიით, ბეჭდურ მედიაში, სოციალურ ქსელებში. ს.ფ.ფ-ს პრეზიდენტის განცხადებით, მედიას უდიდესი როლი ექნება ქართული ფეხბურთის განვითარებაში და ფედერაციისგან იქნება ყურადღება მედიის მიმართ.

მოამზადა გიორგი კაპანაძემ